ეროვნული ბანკი

სებ-მა 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს დაამატა

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ცნობით, გასულ წელს შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინეს, რამაც რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

"ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა" - აცხადებს სებ-ი.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე -  ოქრო  პორტფელის დივერსიფიცირების  კარგ საშუალებად მიიჩნევა.

"მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო  პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს" - ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები