ლელო საქართველოსთვის

კუპრაძე: ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში პენსია უნდა იყოს 1 000 ლარი

ლელო

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა და ხანდაზმულთა პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ ლელოს ერთ-ერთი საარჩევნო დაპირების მიხედვით, ხანდაზმულობის პენსია 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ვეტერანებისთვის 500 ლარამდე. 

"70 000 ვეტერანი გვყავს ამ ქვეყანაში, რომელსაც არც ჯანდაცვაზე და არც არაფერზე მიუწვდებათ ხელი. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გვიწერია და რეალური დაპირება გვაქვს, რომ ვეტერანების პენსია უნდა იყოს 500 ლარი. ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია საქართველოში უნდა იყოს 1 000 ლარი და ეს არის შესაძლებელი. მერე ველოდები თქვენგან რომ მკითხოთ, როგორ უნდა იყოს 1 000 ლარი, ახლა რაც არის, ამას როგორ ახერხებს ქართული სახელმწიფო. მე დავჯდები და მოგიყვებით იმ მეგაპროექტების შესახებ, რომელიც ხელისგულზე დევს ამ ქვეყანაში". - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

პენსიის ზრდასთან დაკავშირებით საარჩევნო დაპირებებზე სტრატეგია აღმაშენებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც ისაუბრეს. გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი 26 სექტემბერს პარლამენტში პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ. ორი პარტიის გაერთიანების, გამარჯვების პლატფორმის ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი 350 000-მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა იყო.

რამდენიმე თვის წინ ტაბულამ ქართული პოლიტიკური პარტიებისგან ინტერვიუები აიღო არსებული საპენსიო სქემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვების შესახებ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ამასთან, პარტიაში მიაჩნიათ, რომ მინიმალური პენსია 400 ლარიდან უნდა დაიწყოს. ტაბულამ სცადა ენმ-სთვის მათი ინიციატივის შესახებ დამატებითი კითხვების დასმა, დაგროვებით სისტემაზე პოზიციის და რეფორმირების ხედვის გაგება, თუმცა პარტიამ ინტერვიუზე უარი თქვა.

კომენტარები