ლელო საქართველოსთვის

ლელო: ვაფუძნებთ თბილისის პარტიულ ორგანიზაციას, ამოცანაა, თბილისელებმა დაიბრუნონ ქალაქი

ფრაქცია ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, თბილისში მცხოვრებთა ინტერესების დასაცავად თბილისის პარტიულ ორგანიზაციას აფუძნებენ. ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მზადება პარტიული კონფერენციის ჩასატარებლად, რომელიც 19 ნოემბერს შედგება. კონფერენციაზე აირჩევენ თბილისის პარტიული ორგანიზაციის საბჭოს, რომელიც დედაქალაქთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"დაიწყება ბრძოლა თბილისელების ინტერესების დასაცავად, გაათმაგებული ენერგიით. ცხადია, ამოცანაა თბილისელებმა დაიბრუნონ საკუთარი ქალაქი და თბილისელებმა გადაწყვიტონ ქალაქის განვითარების ბედი, მათი შეხედულებების შესაბამისად და გადაწყვეტილებები აღარ იქნეს მიღებული ისე, როგორც დღეს მიიღება თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით". - თქვა ჯაფარიძემ.

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოუწოდა თბილისში მცხოვრებებს, 19 ნოემბერს თვალი ადევნონ პროცესს, დარეგისტრირდნენ დელეგატებად პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე და მონაწილეობა მიიღონ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებაში.

"დღეს, როცა თბილისი არის ურბანული კატასტროფის, კლანების ტყვეობის, ქართული ოცნების გავლენების ქვეშ, თბილისს სჭირდება განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონობისადმი, სჭირდება ორგანიზაციული სიძლიერე, რასაც ლელო გთავაზობთ თქვენ, თბილისელებს [...] ჩვენ ვაცხადებთ ბრძოლას და პროცესს ქალაქის დასაბრუნებლად, ქალაქის, რომელიც გეკუთვნით თქვენ და წაგართვათ ქართულმა ოცნებამ". - ამბობს კუპრაძე.

კომენტარები