ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ "უპრეცედენტო რისხვის დღეს" აცხადებს

ჰეზბოლას წევრები რაკეტასთან, 2010-იანი წლები

ირანის მარიონეტულმა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ “უპრეცედენტო რისხვის დღე” გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Jerusalem Post ავრცელებს

ჰეზბოლას მუქარა ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა. ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას თქმით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისრაელსა და მის სპონსორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს" ეკისრება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული გაუმართავი რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ისრაელში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი იგეგმება.

მომხდარზე თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები