პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრემიერი: საჭირო ხმების მოგროვების ილუზია არ გვაქვს, პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურა, რომ "ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი". ჟურნალისტებთან საუბარში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს "ნამდვილად არ უხარია".

"მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონის და კონსტიტუციის დაცვის სადაჯაროზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ დაარღვია უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის კონსტიტუცია" - ამბობს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილმა შემდგომ პროცედურებზე თქვა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვების "ილუზია" არ აქვთ.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი იმის შესახებ, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებს უმრავლესობა, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზია არავის არ ჰქონდა, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები და უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იქნებოდა კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა.

ქალბატონი სალომესგან, ალბათ, დამეთანხმებით - ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრს კითხვა პრეზიდენტის განცხადებებზეც დაუსვეს, რომელიც "პატარა კაცებთან" პარლამენტში მისვლას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "კომენტარს არ გააკეთებს" სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებზე და ჟურნალისტებსაც ურჩია, "შეეშვით შეურაცხყოფას".

"სამარცხვინო არის ის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრს ასევე ჰკითხეს, ელოდება თუ არა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციაში წავა.

"გვეტყობა ჩვენ რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის? შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. ქართულმა ოცნებამ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, ქართული ოცნების რეიტინგის დამსახურებით", - უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვა 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. 

"თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განხილვაში მონაწილეობის მიღება სურს, მოვიწვევთ და მას ამის შესაძლებლობა ექნება". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პარლამენტში მისვლას და იმპიჩმენტის პროცესის განხილვაზე დასწრებას აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს, რომ პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად, მე მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დაგდნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი". - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტიმბერს ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან ხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

კომენტარები