სპეციალური საგამოძიებო სამსახური

"ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა, ემუქრებოდა" – ქალზე ადევნებისთვის პოლიციელს ბრალი წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი ქალის ნების საწინააღმდეგო კომუნიკაციას ამყარებდა მასთან, უკავშირდებოდა შეხვედრის მოთხოვნით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას და ემუქრებოდა პირადი მიმოწერის გასაჯაროებით. გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონოდ ადევნებას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა" - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო "სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში 62 სამართალდამცავია მხილებული".

კომენტარები