ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ვატიკანს: წუხილს ძირითადად ღაზის მსხვერპლზე გამოთქვამთ

Getty Images

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოჰენმა ვატიკანი გააკრიტიკა და თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ მათი ყურადღება მიმართული იყო ძირითადად ღაზის მოსახლეობაზე და არა ტერაქტის ისრაელელ მსხვერპლებზე. 

"მიუღებელია, რომ თქვენ განცხადებაში წუხილს ძირითადად ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე გამოთქვამთ, სანამ ისრაელი 1 300 მოკლულ ადამიანს ასაფლავებს". – უთხრა კოჰენმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, პოლ გალაჰერს.

მისივე თქმით, ისრაელი ვატიკანის მხრიდან ერთმნიშვნელოვან განცხადებას ელოდება, რომელშიც ტერორისტულ ქმედებებს დაგმობს.

"ისრაელი მოელის ვატიკანისგან, რომ ნათლად და არაორაზროვნად დაგმობს ჰამასის ტერორისტების სისხლიან, ტერორისტულ ქმედებებს, რომლებმაც ზიანი მიაყენეს ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი იყვნენ ებრაელები და ისრაელელები". – თქვა კოჰენმა.

მანამდე, პაპმა ფრანცისკემ ჰამასს მოუწოდა ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს.

"ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომელთათვისაც დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

მათ, ვისაც თავს დაესხნენ, უფლება აქვთ, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია". - თქვა პაპმა. 

ამასთან, პაპმა ორივე მხარეს ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ  მოუწოდა.

"ჰუმანიტარულ კანონს პატივი უნდა ვცეთ, განსაკუთრებით ღაზაში, სადაც სასწრაფო და აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა და მთლიანი მოსახლეობის დახმარება. ძმებო და დებო, უკვე ბევრი დაიღუპა. გთხოვთ, აღარ დავღვაროთ უდანაშაულო სისხლი, არც საღვთო მიწაზე, არც უკრაინაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას! ომები ყოველთვის მარცხია, ყოველთვის"! – თქვა პაპმა 15 ოქტომბერს “ანგელოსმან” ლოცვის ჩატარების შემდეგ.

ძალადობას გმობს ასევე იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა:

"გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავგმოთ ძალადობის ნებისმიერი ფორმა, განვაცალკეოთ მოძალადე მხარეები და დაუღალავად ვიმუშაოთ ცეცხლის შესაწყვეტად, რადგან სანამ საუბრობენ იარაღები, მანამდე შეუძლებელია, გავიგონოთ სხვა ხმები". – თქვა პიცაბალამ. 

მისივე თქმით, მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა "პალესტინელთა თავისუფლების, ღირსებისა და მომავლის" გათვალისწინება.

"სანამ პალესტინის საკითხი, პალესტინელთა თავისუფლება, ღირსება და მათი მომავალი არ იქნება გათვალისწინებული იმგვარად, როგორც დღესაა საჭირო, მანამდე ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ძალიან რთული იქნება". – თქვა იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები