ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სირიისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას პალესტინელების მხარდაჭერა გამოხატეს

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი/ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი

სირიისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ბაშარ ალ-ასადმა და იბრაჰიმ რაისმა დაადასტურეს, რომ დგანან პალესტინელი ხალხის გვერდთ.

SANA-ს ცნობით, ასადმა თქვა, რომ ისრაელის პოლიტიკა რეგიონში სისხლისღვრას იწვევს. მანვე არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა, დაიცვან პალესტინელი ხალხი, განსაკუთრებით ღაზაში.

ირანის უშიშროების სააგენტოსთან დაკავშირებულმა ახალი ამბების სააგენტომ, Nournews-მა ირანის პრეზიდენტის სიტყვებიც გაავრცელა. რაისმა ისლამურ და არაბულ ქვეყნებს, "ისევე, როგორც მსოფლიოს თავისუფალმა ხალხებმა, უნდა მიაღწიონ ერთ პოზიციას რათა შეაჩერონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულები ჩაგრული პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ".

აქამდე, 11 ოქტომბერს იბრაჰიმ რაისმა სატელეფონო საუბარი საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთანაც გამართა. ეს ორ ლიდერს შორის ჩინეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გამართული პირველი საუბარი იყო.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები