ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Axios: ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ვიზიტი სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

Axios-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ისრაელს სოლიდარობის გამოსახატად ეწვიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უკრაინელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზიტის კოორდინაციის მიზნით ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისს ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა.

Axios-ის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები წინასწარი ხასიათისაა და ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.

გასულ დღეს, 11 ოქტომბერს ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერას. 

"სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ეწვიონ ისრაელს და გამოხატონ მხარდაჭერა ხალხის მიმართ. მე არ ვსაუბრობ რაიმე ინსტიტუტზე, არამედ იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, რომლებიც დაზარალდნენ ტერორისტული თავდასხმებისგან და დღეს იღუპებიან". - თქვა ზელენსკიმ. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები