ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საწვავის, საკვებისა და წყლის ღაზისთვის მიწოდება ნებადართული უნდა იყოს – გუტერეში

Reuters

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელის დაბომბვისა და ბლოკადის ქვეშ მყოფი ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, წყლისა და საწვავის ხელმისაწვდომობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა

"სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგის, მათ შორის, საწვავის, საკვებისა და წყლის ღაზაში მიწოდება ნებადართული უნდა იყოს. ჩვენ ახლავე გვჭირდება სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა". - თქვა გუტერეშმა.

ასევე, გაეროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს აქტიური ჩართულობისა და მზაობისთვის, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული ტვირთის ღაზის სექტორისთვის მიწოდებას.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა 9 ოქტომბერს გამოაცხადა.

"ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები