ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

EU ზაკერბერგს აფრთხილებს, რომ META-ზე ისრაელის ომზე გავრცელებული დეზინფორმაცია გააკონტროლონ

Getty Image

საშინაო ბაზრის ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა META-ს დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს წერილით მიმართა. თავის მიმართვაში ბრეტონი ზაკერბერგს სიფხიზლის გამოჩენისკენ მოუწოდა, რათა მის საკუთრებაში არსებულ პლატფორმების საშუალებით ისრაელში მიმდინარე ომზე დეზინფორმაცია არ გავრცელდეს. 

ბრეტონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, ევროკავშირისთვის შესამჩნევი გახდა გარკვეულ პლატფორმებზე არალეგალური შინაარსის მქონე ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელება. მეტას საკუთრებაშია ისეთი პლატფორმები როგორიცაა Instagram-ი, Facebook-ი და Threads-ი.

ევროკავშირში მოქმედი ახალი რეგულაციის ციფრული სერვისების აქტით, META პასუხისმგებელია დააკვირდეს და წაშალოს არალეგალური შინაარსის მქონე ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა ტერორისტების მიერ გავრცელებული მასალები ან სიძულვილის ენა. რეგულაციების მიხედვით, ამ პრინციპების დაცვის მიზნით, კომპანიას ეკისრება გაწერილი პროტოკოლით მოქმედების ვალდებულება. ევროკავშირის რეგულაციებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში კომპანია შესაძლოა წლიური შემოსავლის 6%-ის ოდენობით დაჯარიმდეს. 

"მე მოგიწოდებ დაუყონებლივ დარწმუნდეთ საკუთარი სისტემის ეფექტიანობაში" – წერს ბრეტონი ზაკერბერგს თავის წერილში და სთხოვს მას შემდეგი 24 საათის განმავლობაში პასუხი დაუბრუნოს.

"ტერორისტების მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჩვენ სასწრაფოდ შევქმენით სპეციალური ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია ივრითისა და არაბული ენების სპეციალისტებით, რათა მონიტორინგი გავუწიოთ და ვუპასუხოთ შექმნილ სიტუაციას. ჩვენი გუნდი განუწყვეტლივ მუშაობს პლატფორმის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, გვაქვს რეაგირება შინაარსზე, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ჩვენს წესებს ან ადგილობრივ კანონს. პროცესში ასევე ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, მათი ჩართულობის მთავარი მიზანი არასწორი ინფორმაციის გავრცელების შეჩერებაა." – უთხრა მეტას პრეს სპიკერმა CNBC–ს.

ბრეტონმა იმავე შინაარსის წერილი გააგზავნა X–ის, ყოფილი Twitter, მესაკუთრე ილონ მასკთან და შეატყობინა, რომ მის გუნდს აქვს ინფორმაცია X-ზე დეზინფორმაციისა და ძალადობის შემცველი შინაარსის გავრცელების შესახებ მას შემდეგ, რაც ჰამასი ისრაელს დაესხა თავს.

კომენტარები