ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელში ჩრდილოეთში, სავარაუდოდ, ტერორისტები შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 10 ოქტომბერი.
Ronen Zvulun/Reuters

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით, კიბუც მააიან ბარუხში ლიბანის სამხრეთიდან, სავარაუდოდ, ტერორისტები გადავიდნენ. 

პარალელურად, ისრაელის მთელ ჩრდილოეთში გამოცხადებულია განგაში და მოსახლეობას თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

დაუდასტურებელი წყაროები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საზღვარზე შენიშნეს 20-მდე პარაპლანის მსგავსი საფრენი აპარატი. ისრაელის მე-12 არხზე კი ამბობენ, რომ ჩრდილოეთ ქალაქებში განგაში გამოცხადებულია 15-20 დრონის შეღწევის გამო.

ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა აკონტროლებს. აქ მოქმედებენ პალესტინური ტერორისტული ჯგუფებიც, როგორიცაა ისლამური ჯიჰადი.

გასულ დღეებში ისრაელის მიმართულებით რაკეტები ჰეზბოლამაც ისროლა. 9 ოქტომბერს მოხდა სასაზღვრო შეტაკებაც, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა ჯიჰადმა აიღო. საპასუხოდ ისრაელმა ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყა, რასაც მათი 3 წევრი ემსხვერპლა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები