პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, ამიტომ გაიცა ნებართვები – ავიაცია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მინვოდი-თბილისის, სოჭი-თბილისისა და ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანიის, Azimuth Airlines-ის ოპერირებაზე ნებართვა გაიცა, რადგან აღნიშნული ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის შავ სიაში. 

განცხადებაში წერია, რომ Azimuth Airlines-ი გაარგრძელებს ფრენებს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით და მასთან ერთად ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. მათი თქმით, ეს ავიაკომპანიაც არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და სწორედ ამიტომ გაიცა ნებართვა აღნიშნულ ფრენებზე.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას". - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანიის, Azimuth Airlines-ის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების დამატებასთან დაკავშირებით. ავიაკომპანია მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს, ხოლო სოჭი-თბილისის რეისებს 11 ოქტომბრიდან, კვირაში ოთხჯერ. 

Azimuth Airlines-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა

კომენტარები