კრიმინალი

14 წლის მოკლული გოგოს დედას ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

14 წლის მოკლული გოგოს დედა.
მთავარი არხი

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე მოზარდის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 27 წლის ალიმ ასლანოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს" - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

კომენტარები