ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის მიერ მოკლულმა ისრაელელმა წყვილმა ბომბსაფარში 10 თვის ტყუპების დამალვა მოასწრო

ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკები

ახალგაზრდა ისრაელელმა წყვილმა, ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკებმა ჰამასის ტერორისტების მათ სახლში შეჭრამდე წუთებით ადრე 10 თვის ტყუპების ბომბსაფარში დამალვა მოასწრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Walla ავრცელებს.

ბერდიჩევსკების ოჯახი ღაზის სექტორიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, კიბუც კფარ ღაზაში ცხოვრობდნენ. 7 ოქტომბერს, სახლის კართან სროლის ხმის გაგებისთანავე ბერდიჩევსკებმა ბავშვების ბომბსაფარში დამალვა მოახერხეს, შემდეგ კი ტერორისტებთან შებრძოლებაც სცადეს.

თავდამსხმელებმა ითაი და ჰადარ ბერდიჩევსკები მოკლეს, თუმცა, ტყუპებს ვერ მიაგნეს. ბავშვები 14 საათის შემდეგ ისრაელელმა სამხედროებმა უვნებლად იპოვეს და ბე­ბი­ას გა­დას­ცეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები