ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სამხედრო დახმარებით დატვირთული პირველი ამერიკული თვითმფრინავი უკვე ისრაელშია

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, დანიელ ჰაგარი X-ის გვერდზე აშშ-ის დახმარების პირველი ნაწილის ისრაელში ჩასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, შეიარაღებით დატვირთული ამერიკული თვითმფრინავი ნებატიმის ბაზაზე დაჯდა. 

აშშ-ს მხრიდან ისრაელისთვის დაპირებული დახმარება დანიშნულების ადგილზე ბაიდენის მიერ თეთრ სახლში გამართული ბრიფინგიდან რამდენიმე საათში ჩავიდა.

ამერიკის პრეზიდენტის ცნობით, აშშ ისრაელს საჭირო შეიარაღებასა და რკინის გუმბათისთვის განკუთვნილ რაკეტებს გაუგზავნის. დახმარების მიზანი ამ კრიტიკული მნიშვნელობის საომარი საშუალებებით ისრაელის უზრუნველყოფაა, რათა მან საკუთარი ქალაქებისა და მოსახლეობის დაცვა შეძლოს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ "ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა ისრაელმა საკუთარი თავისა და მოქალაქეების დაცვა შეძლოს".


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები