ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს?

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ის მიერ მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნამ, შესაძლოა, ღაზის სექტორი გაანადგურება და პალესტინელების მასობრივი მკვლელობა მოჰყვეს. ამის შესახებ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? დარტყმებით ის სერიოზულ მასობრივ მკვლელობებს ჩაიდენს და ღაზის სექტორს გაანადგურებს. მოვუწოდებთ რეგიონში მოქმედ ყველა გავლენიან აქტორს აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობის დამყარებაზე, იმოქმედონ იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ "მშვიდობას დამარცხებული მხარე არ გააჩნია". ცეცხლზე ნავთის დამატება, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამოქალაქო დასახლებების მიზანში ამოღება სარგებელს არავის მოუტანს". - თქვა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა შუამავლობისთვის და აღნიშნა, რომ განაგრძობს ძალისხმევას ომის დასასრულებლად.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა ეწინააღმდეგება პალესტინელების ადამიანურ უფლებებს.

9 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები ისრაელის მხარდასაჭერად და ჰამასისი თავდასხმების საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ გააგზავნა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები