დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასის ლიდერი: მძევლების გაცვლაზე საუბარი შესაძლებელი იქნება ომის დასრულების შემდეგ

ისმაილ ჰანია
Dalati Nohra/Lebanese Official Government via AP

ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თქმით, მძევლების გაცვლაზე საუბარი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ტერორისტების ლიდერმა აღნიშნა, რომ მხარეები, რომლებიც მათ ტყვეების გაცვლაზე სასაუბროდ მედიატარობის ფარგლებში დაუკავშირდნენ, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან.

გასულ დღეს, 9 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი იმუქრებოდა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში საცხოვრებელ სახლებზე იერიშებს გაუფრთხილებლად მიიტანდა, მძევლებს დახოცავდნენ და ამის ამსახველ კადრებს გამოაქვეყნებდნენ.

ვრცლად ინფორმაციას ჰამასის ცოცხალი ფარის სტრატეგიის შესახებ გაეცანით სტატიას ტაბულას არქივიდან – ცოცხალი ფარები – როგორ იმარჯვებს ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ბრძოლაში.

ჰამასის დაუნდობელ თავდასხმებს ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტებს გატაცებული ჰყავთ 150-მდე ადამიანი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები