დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი იმუქრება, რომ მძევლებს დახოცავენ, თუ ისრაელი იერიშებს გაუფრთხილებლად მიიტანს

The Times of Israel

ჰამასის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი იმუქრება, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს გაფრთხილების გარეშე მიიტანს, აყვანილ მძევლებს დახოცავენ.

ალ-კასამის ბრიგადის სპიკერი, აბუ ობაიდა ირწმუნება, რომ ისინი ისლამის მცნებების შესაბამისად, კარგად ეპყრობიან მძევლებს და მუქარას ისრაელის გახშირებული გაუფრთხილებელი დარტყმებით ხსნის.

როგორც ჰამასში იმუქრებიან, მძევალთა მკვლელობის ვიდეოებს გამოაქვეყნებენ.

აქამდე ისრაელი ღაზის სექტორში მდებარე საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებდა, თუ ობიექტზე იერიშს აპირებდნენ. ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურა ხშირად სწორედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში, ან მიმდებარედ იმყოფება. აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებიდან მსგავსი სახლების მაცხოვრებლებს ურეკავდნენ, უგზავნიდნენ შეტყობინებებს, ან გამაფრთხილებელი დარტყმა მიჰქონდათ შენობის სახურავზე. როგორც ისრაელის მედიასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის ძალების წყარომ აღნიშნა, ეს პრაქტიკა, ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება. გაფრთხილება მხოლოდ რიგ შემთხვევებში გაიგზავნება.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ომის ამ დონეზე ეცდებიან, რომ ჰამას ისრაელისთვის ზიანის მიყენების მოტივაცია გაუქრონ. ზემოხსენებული წყაროს თქმით, "ეს ძალიან ფართო განსაზღვრებაა და ინტერპრეტაცია შეზღუდული არაა". მან აღნიშნა, რომ ამ მიდგომას უფრო არ განმარტავენ და დაამატა, რომ "ღაზა ჰამასტანი არ იქნება".

ვრცლად ინფორმაციას ჰამასის ცოცხალი ფარის სტრატეგიის შესახებ გაეცანით სტატიას ტაბულას არქივიდან – ცოცხალი ფარები – როგორ იმარჯვებს ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ბრძოლაში.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები