აშშ

WP: თეთრი სახლი უკრაინის და ისრაელის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანებას განიხილავს

The Washington Post-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანებას განიხილავს.

როგორც გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამის მიზანი კონგრესის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების ალბათობის ზრდაა. 

WP-ი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოხსნის ულტრამემარჯვენე კონგრესმენების წინააღმდეგობას, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების ზრდას არ ეთანხმებიან, მაგრამ ისრაელის მხარდაჭერას ემხრობიან. 

გარდა ამისა, The Washington Post-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესის ორივე პალატისა და საკვანძო კომიტეტების წარმომადგენლებს უთხრა, რომ თეთრი სახლი კონგრესს ისრაელისთვის დამატებით სამხედრო დახმარების დამტკიცების წინადადებით მიმართავს. 

თეთრი სახლის სპიკერს, ჯონ კირბის არ უსაუბრია, გეგმავს თუ არა თეთრი სახლი ისრაელისა და უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტების გაერთიანებას, მაგრამ აღნიშნა: "გვჯერა, რომ ორივე მნიშვნელოვანია". 

კონგრესის მიერ უცხო ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცების პროცედურა შეჩერებულია მანამ, სანამ ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობაზე კევინ მაკკარტის ჩამნაცვლებელს არ დანიშნავენ. 

კომენტარები