პოლონეთი

პოლონეთის გენშტაბის უფროსმა და ოპერატიული სარდლობის მეთაურმა თანამდებობები დატოვეს

პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი, რეიმუნდ ანდჟეიჩაკი და ოპერაციული სარდლობის მეთაური, ტომაშ პიოტროვსკი თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღბული ძალები ადასტურებს.

თანამდებობიდან წასულ სამხედროებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ბოლო პერიოდში პოლონურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ანდჟეიჩაკს, პიოტროვსკისა და თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე.

გასულ წლის დეკემბერში, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა ჩამოვარდა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა პიოტროვსკი გააკრიტიკა ინციდენტთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების არასათანადო რეაქციის გამო. 

თავდაცვის მინისტრი პიოტროვსკის ადანაშაულებს, რომ მან რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაავრცელა, ხოლო ტყეში ჩამოვარდნილი რაკეტა არა შეიარაღბული ძალებმა, არამედ სამოქალაქო პირმა იპოვა.

პოლონური გაზეთის, Gazeta Wyborcza-ს მიხედვით, სამხედროებმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც თავდაცვის მინისტრმა ისრაელიდან პოლონეთის მოქალაქეების ევაკუირების ოპერაცია, მათი ზურგის ავლით, გენერალ ვიესლავ კუკულას ჩააბარა. 

 

კომენტარები