დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის იერიშის შედეგად, ჰეზბოლას 3 წევრი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას 3 წევრი დაიღუპა. დაჯგუფებაში იმუქრებიან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს პასუხს გასცემენ. შემთხვევიდან მცირე ხნის შემდეგ, ჯარისკაცებმა ჰეზბოლას პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლი განაახლეს.

მედიის ცნობით, ჰეზბოლას 3 წევრი ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.

ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ირანის მარიონეტული დაჯგუფება, ჰეზბოლა აკონტროლებს. აქ მოქმედებენ პალესტინური ტერორისტული ჯგუფებიც, როგორიცაა ისლამური ჯიჰადი.

8 ოქტომბერს ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები