მკვლელობა საგარეჯოში

ომბუდსმენი: ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ფემიციდზე სახელმწიფოს ნაბიჯები არასაკმარისია

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოში მოძალადე “ქმრის” მიერ 14 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და ამ ფაქტს შემაძრწუნებელს უწოდებს. იოსელიანი ამბობს რომ საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.  

ომბუდსმენის თქმით,  მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებელია, მაინც  პრობლემად რჩება არასრულწლოვანთა ქორწინების და სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და მათი შესაბამის დაწესებულებაში გადამისამართება. 

“მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ". - წერს იოსელიანი. 

ომბუდსმენის აზრით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნაბიჯები არასაკმარისია. 

“სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე”. - წერს ომბუდსმენი. 

იოსელიანი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდებისა, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა ისეთ რეგიონებში სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერია.

“სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს”. - წერია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯების გადადგმასა და შესაბამისი უწყებების დროულ რეაგირებას.

“საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები”. - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.


6 ოქტომბერს საგარეჯოში კაცმა არასრულწლოვანი "ცოლი" მოკლა. გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები