პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პაპუაშვილი იმპიჩმენტზე: ჩვენ მხარეს კონსტიტუცია იდგა, იქით კი ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების განხილვას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, მათ მხარეს კონსტიტუცია იდგა, მეორე მხარეს კი "ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია".

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში. განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში ის შეძლო, რომ საქართველოში, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე, ყველა ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც კონსტიტუციას შეეხება. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ამ 3 დღის განმავლობაში და ზოგადად, ამ თემაზე დისკუსიის დროს, ჩვენ ვიხილეთ, რომ ცალ, კერძოდ, იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, იურიდიული აზრი და კონსტიტუცია იდგა, ხოლო მეორე მხარეს კი იდგა თვითშემოქმედებითი აზრი, ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც კონსტიტუციასთან არაფერი საერთო არ აქვს. 3 დღის განმავლობაში, ეს ყველამ ნათლად ნახა - არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და იმ განმარტებების საფუძველზე, რასაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები