პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტზე წარდგინების არსებითი განხილვა დასრულდა

დღეს, 6 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება. მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა მარტივი არ ყოფილა.

“მთლიანად ამოწურულია, როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ის ეტაპი, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში. დიდი მადლობა ყველას მოთმინებისათვის… ბევრი კრიტიკული დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა წავიკითხეთ მედიაში.  უმჯობესია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ”. - თქვა სხდომის დახურვისას მერაბ ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები