რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: სევასტოპოლზე უკრაინის იერიშის შედეგად დაზიანდა რუსული წყალქვეშა და სადესანტო გემი

სოციალურ ქსლებში გავრცელებული ფოტო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული გემი ჩანს.

როგორც უკრაინულ მედიაში ღია წყაროების ანალიტიკოსებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერენ, 13 სექტემბერს უკრაინის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლზე მიტანილი იერიშის შედეგად დაზიანდა პროექტი 775-ის (NATO-ს კოდური სახელით Ropucha) კლასის სადესანტო ხომალდი და Палтус-ის ტიპის (NATO-ს სახელით Kilo) წყალქვეშა ნავი.

ღია წყაროებით ირკვევა, რომ ამ ტიპის ხომალდები 12 სექტემბრისთვის სევასტოპოლის მშრალ პორტში იმყოფებოდნენ.

რუსული ტელეგრამ-არხები ამ ვარაუდის დამადასტურებელ ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სადესანტო ხომალდი სახელად მინსკი და წყალქვეშა ნავი, სახელად როსტოვი დონზე. ამავე ცნობით, დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული და დაშავებული სერგო ორჯონიკიძის სახელობის ხომალდების სარემონტო ქარხნის თანამშრომელია.

პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი ადასტურებს, რომ იერიში ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლზე ავიაციის გამოყენებით მიიტანეს. მან უკრაინელ პილოტებს დავალების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ "გაგრძელება იქნება".

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ქალაქის მიმართულებით უკრაინელებმა ისროლეს 10 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან ჰსთ-ს მეშვეობით 7 ჩამოაგდეს. ამას გარდა, მათივე მტკიცებით, მოიგერიეს შავი ზღვის ფლოტზე 3 უპილოტო კატერით თავდასხმის მცდელობაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ გემების სახელებსა და კლასს, რომლებიც დაზიანდა, არც ზიანის ხარისხს.

კომენტარები