ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდი შევიდა

გემი ციკლონი სოხუმის პორტში
apsnypress

ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი ციკლონი შევიდა. გემმა მონაწილეობა უნდა მიიღოს აფხაზეთის ომში მარიონეტების გამარჯვების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში. 

რუს მეზღვაურებს პორტში შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლები და მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წევრები, ასევე თვითგამოცხადებული პარლამენტის დეპუტატები.

გასულ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და მასზე კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა დაამყარეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურაბ გაბესკირია და მინისტრთა კაბინეტის 27 წევრი დახვრიტეს. 30 სექტემბრისთვის სეპარატისტებმა კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე თითქმის სრულად დაამყარეს. 300 000-მდე ქართველი სახლებიდან გააძევეს და ტერიტორიის იძულებით დატოვება მოუწიათ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

კომენტარები