ლატვია-რუსეთი

ლატვიამ რუსეთის 3 000-ზე მეტ მოქალაქეს დეპორტაციის საფრთხის შესახებ შეატყობინა

Jānis Beitiņš / The Moscow Times

ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის 3 255 მოქალაქეს მიგრაციის კანონის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით ბინადრობის ნებართვის მიღების აუცილებლობის შესახებ შეატყობინა. ინფორმაციას გამოცემა, Delfi ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ლატვიის დატოვება მოუწევთ. 

გარდა ამისა, დეპარტამენტის უფროსის, მაირა როუზის თქმით, შეტყობინებების საერთო რაოდენობიდან რუსეთის 73 მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება, დაახლოებით 200-მა კი არ გასცა ინფორმაცია მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც შესაძლოა გულისხმობდეს, რომ ეს ადამიანები ლატვიაში არ იმყოფებიან. 

ლატვიის მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა 2003 წლის შემდეგ მიიღეს, 2023 წლის 2 სექტემბრის შემდეგ ლატვიაში მუდმივი ბინადრობის უფლება გაუუქმდათ. 

ლატვიაში ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ახალი სტატუსის მისაღებად, მოქალაქეობისა და მიგრაციის ოფისში დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო ენის ცოდნის სერტიფიკატის მინიმუმ A2 დონეზე წარდგენაა საჭირო. 

დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება შეამოწმებს მათ, ვისზეც ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები ვრცელდება. თუ მოქალაქეები არ დაიცავენ დადგენილ სტანდარტებს და არ მიიღებენ აუცილებელ ზომებს, მათ შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მესაზღვრეებს გადაეცემა. ხელისუფლება გამოძიებას ჩაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, მათი ქვეყნის დატოვების ბრძანებას გასცემს.

სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის 25 000 მოქალაქიდან 14 000-მა უკვე მოითხოვა ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ხოლო დამატებით კიდევ 1 000-მა შესაბამისი უწყებისგან დროებითი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა.

კომენტარები