კანადა-ინდოეთი

FT: ინდოეთმა კანადას ათობით დიპლომატის ქვეყნიდან გაყვანა მოსთხოვა

კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო და ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი დიდი ოცეულის სამიტზე, ნიუ-დელი, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Sean Kilpatrick/The Canadian Press via AP

ჯასტინ ტრუდოს მიერ კანადაში სიქი სეპარატისტი ლიდერის მკვლელობაში ინდოეთის სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრის გამო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ნიუ-დელიმ ოტავას ქვეყნიდან ათობით დიპლომატის გაყვანა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინდოეთმა კანადას მოსთხოვა დაახლოებით 40 დიპლომატი 10 ოქტომბრამდე სამშობლოში დააბრუნოს. Financial Times-ი ასევე წერს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს დიპლომატიური იმუნიტეტი გაუუქმდებათ.

ნიუ-დელიმ აქამდე თქვა, რომ ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობრივ თანაფარდობაში "თანასწორობა" სურდა, ინდოეთში კანადის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობაში კი რამდენიმე ათეულით მეტი დიპლომატია ვიდრე ინდოეთს ოტავაში ჰყავს.

აქამდე, 22 სექტემბერს ინდოეთმა კანადის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა დროებით შეწყვიტა.

"იყო მუქარები კანადაში ჩვენი უმაღლესი კომისიის [საელჩოს] და საკონსულოების მიმართ. ამან შეაფერხა მათი ნორმალური ფუნქციონირება. შესაბამისად [ისინი] დროებით ვერ ახერხებენ სავიზო განაცხადების დამუშავებას". - თქვეს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ინდურმა მთავრობამ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ შეზღუდვა ეხებათ მესამე ქვეყანაში მცხოვრებ კანადის მოქალაქეებსაც.

რამდენიმე საათით ადრე, ოფიციალურმა ოტავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ-დელიში მომუშავე რამდენიმე კანადელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, რის გამოც საელჩოში პერსონალის შემცირება გადაწყვიტეს.


ოტავა და ნიუ-დელი, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორები, დიპლომატიურ ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ინდოეთი კანადის მიწაზე სიქების ლიდერის, ინდოეთში დაბადებული კანადის მოქალაქის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნებს სიქები ინდოეთის პენჯაბის შტატში 1970-იან და 1980-იან წლებში აქტიურად აყენებდნენ, თუმცა ინდოეთის მთავრობის მკაცრი პოლიტიკის შედეგად მოძრაობამ პოლიტიკური ძალა დაკარგა. მიუხედავად ამისა, პენჯაბში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სიქები წარმოადგენენ, დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა ისევ დიდია.

ინდოეთი კანადას სიქი ლიდერებისთვის ზედმეტი თავისუფლების მინიჭებაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა. ნარენდრა მოდი საზღვარგარეთ მყოფი სიქი სეპარატისტებიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ხშირად საუბრობდა და კანადას, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

კანადა ინდოელი სტუდენტების მთავარი სასწავლო მიმართულებაა. 2022 წელს ქვეყანაში 300 000-მდე ინდოელი სტუდენტი ცხოვრობდა.

სიქების ლიდერის მკვლელობის გარშემო ინდოეთსა და კანადას შორის დაძაბულობა მატულობს

კომენტარები