კანადის მიწაზე სიქი სეპარატისტი ლიდერის მკვლელობის გარშემო ოტავასა და ნიუ-დელის შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა კანადის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა დროებით შეწყვიტა.
"იყო მუქარები კანადაში ჩვენი უმაღლესი კომისიის [საელჩოს] და საკონსულოების მიმართ. ამან შეაფერხა მათი ნორმალური ფუნქციონირება. შესაბამისად [ისინი] დროებით ვერ ახერხებენ სავიზო განაცხადების დამუშავებას". - თქვეს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ინდურმა მთავრობამ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ შეზღუდვა ეხებათ მესამე ქვეყანაში მცხოვრებ კანადის მოქალაქეებსაც.
რამდენიმე საათით ადრე, ოფიციალურმა ოტავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ-დელიში მომუშავე რამდენიმე კანადელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, რის გამოც საელჩოში პერსონალის შემცირება გადაწყვიტეს.
"ვითვალისწინებთ რა ამჟამინდელ გარემოს, სადაც დაძაბულობა გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ ზომებს ჩვენი დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ კანადის სავიზო რეჟიმები ინდოეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი რჩება.
ოტავა და ნიუ-დელი, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორები, დიპლომატიურ ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ინდოეთი კანადის მიწაზე სიქების ლიდერის, ინდოეთში დაბადებული კანადის მოქალაქის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.
ბრალდების პარალელურად, ოტავამ 18 სექტემბერს ინდოელი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ 20 სექტემბერს ნიუ-დელიმაც გააძევა კანადელი დიპლომატი და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
21 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას ტრუდომ აღნიშნა, რომ მისი მიზანი ინდოეთის პროვოცირება არ იყო.
"ეჭვგარეშეა, რომ ინდოეთი არის მზარდი მნიშვნელობის ქვეყანა და ქვეყანა, რომელთან ერთადაც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ". - აღნიშნა ტრუდომ.
ინდოეთმა ნიჯარი სიქების სამშობლოს, ხალისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გამო 2020 წელს ტერორისტად გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის მოთხოვნებს სიქები ინდოეთის პენჯაბის შტატში 1970-იან და 1980-იან წლებში აქტიურად აყენებდნენ, თუმცა ინდოეთის მთავრობის მკაცრი პოლიტიკის შედეგად მოძრაობამ პოლიტიკური ძალა დაკარგა. მიუხედავად ამისა, პენჯაბში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სიქები წარმოადგენენ, დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა ისევ დიდია.
ინდოეთი კანადას სიქი ლიდერებისთვის ზედმეტი თავისუფლების მინიჭებაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა. ნარენდრა მოდი საზღვარგარეთ მყოფი სიქი სეპარატისტებიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ხშირად საუბრობდა და კანადას, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.
კანადა ინდოელი სტუდენტების მთავარი სასწავლო მიმართულებაა. 2022 წელს ქვეყანაში 300 000-მდე ინდოელი სტუდენტი ცხოვრობდა.
სიქების ლიდერის მკვლელობის გარშემო ინდოეთსა და კანადას შორის დაძაბულობა მატულობს