კანადა-ინდოეთი

სიქების ლიდერის მკვლელობის გარშემო ინდოეთსა და კანადას შორის დაძაბულობა მატულობს

კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო და ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი დიდი ოცეულის სამიტზე, ნიუ-დელი, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Sean Kilpatrick/The Canadian Press via AP

ნიუ-დელისა და ოტავას შორის სიქების ლიდერის მკვლელობის გარშემო 2023 წლის ივნისიდან მზარდი დაძაბულობის ფონზე, 20 სექტემბერს ინდოეთმა კანადელ დიპლომატს მომდევნო 5 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა და საკუთარ მოქალაქეებს ურჩია კანადაში მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოგზაურო საინფორმაციო ბიულეტენი განაახლა. ახალი მითითებებით ნიუ-დელი ინდოეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც კანადაში სასწავლებლად ჩადის, ჩრდილოამერიკულ ქვეყანაში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს "მზარდი ანტიინდური აქტივობებისა და სიძულვილის დანაშაულის პოლიტიკური შემწყნარებლობის გამო".

მითითებების მიხედვით, ინდოელებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ კანადაში ისეთ დაწესებულებებში შესვლისგან, სადაც "საფრთხეები განსაკუთრებით მიზანმიმართულია ინდოელი დიპლომატებისა და ინდური საზოგადოების იმ ნაწილისადმი, რომელიც ანტიინდურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება".

ოტავა და ნიუ-დელი, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორები, დიპლომატიურ ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ინდოეთი კანადის მიწაზე სიქების ლიდერის, ინდოეთში დაბადებული კანადის მოქალაქის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

ამის პარალელურად, ოტავამ 18 სექტემბერს ინდოელი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ 20 სექტემბერს ნიუ-დელიმაც გააძევა კანადელი დიპლომატი და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

"[ბრალდებები] მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას ხალისტანელი ტერორისტებისა და ექსტრემისტებისგან, რომლებსაც კანადა თავშესაფარს აძლევს და ვინც ინდოეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას განაგრძობს". - თქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ინდოეთმა ნიჯარი სიქების სამშობლოს, ხალისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გამო 2020 წელს ტერორისტად გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნებს სიქები ინდოეთის პენჯაბის შტატში 1970-იან და 1980-იან წლებში აქტიურად აყენებდნენ, თუმცა ინდოეთის მთავრობის მკაცრი პოლიტიკის შედეგად მოძრაობამ პოლიტიკური ძალა დაკარგა. მიუხედავად ამისა, პენჯაბში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სიქები წარმოადგენენ, დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა ისევ დიდია.

ინდოეთი კანადას სიქი ლიდერებისთვის ზედმეტი თავისუფლების მინიჭებაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა. ნარენდრა მოდი საზღვარგარეთ მყოფი სიქი სეპარატისტებიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ხშირად საუბრობდა და კანადას, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

კანადა ინდოელი სტუდენტების მთავარი სასწავლო მიმართულებაა. 2022 წელს ქვეყანაში 300 000-მდე ინდოელი სტუდენტი ცხოვრობდა.

კომენტარები