კანადა-ინდოეთი

კანადამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია

კანადამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია. აღნიშნული მოხდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა კანადას ქვეყნიდან ათობით დიპლომატის გაყვანა მოსთხოვა. 

ინდოეთის განცხადებით, სასურველია ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობრივ თანაფარდობაში "თანასწორობა", ხოლო ინდოეთში, კანადის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობაში რამდენიმე ათეულით მეტი დიპლომატია ვიდრე ინდოეთს კანადაში ჰყავს.

ამავდროულად, 22 სექტემბერს ინდოეთმა კანადის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა დროებით შეწყვიტა.

კანადასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ინდოეთი კანადის მიწაზე, სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

ჰარდიფ სინგ ნიჯარი კანადაში 18 ივნისს ორმა შენიღბულმა პირმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა. მომხდარის შემდეგ თვეების განმავლობაში კანადაში ასობით სიქი საპროტესტო აქციებზე გამოდის ინდოეთის მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც ნიჯარის მკვლელობაში პასუხისმგებლად მიიჩნევენ. 

ინდოეთმა ნიჯარი სიქების სამშობლოს, ხალისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გამო 2020 წელს ტერორისტად გამოაცხადა.

ინდოეთი კანადას სიქი ლიდერებისთვის ზედმეტი თავისუფლების მინიჭებაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა. ნარენდრა მოდი საზღვარგარეთ მყოფი სიქი სეპარატისტებიდან მომდინარე საფრთხის შესახებ ხშირად საუბრობდა და კანადას, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები