ლაზარე გრიგორიადისის საქმე

"რეალობის შეცვლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია" - გრიგორიადისის წერილი ციხიდან

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.  გრიგორიადისი წერილში ქართველ ერს გაერთიანებისა და  ბრძოლისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით ყველაფერი საზოგადოების ხელშია. 

"საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზამენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს. მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ." - წერს გრიგორიადისი.

მისი თქმით, საზოგადოებამ ხელისუფლებას შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა და სწორედ ხალხმა უნდა შეცვალოს საქართველოში არსებული რეალობა. 

"ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია. მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლობასთან წამოწყებულ საქმეში!" - წერს გრიგორიადისი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 

"მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე -  ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე წარმოშობდა სხვადასხვა პრობლემებს. ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ხელს შეუშლის სტატუსის მინიჭებას". - წერს გრიგორიადისი.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები