ვაგნერი

უკრაინელი სამხედრო CNN-თან ამბობს, რომ ვაგნერელები ბახმუტში ბრუნდებიან

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.

CNN-ი უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტში ბრუნდებიან. 

ამის შესახებ ინფორმაცია CNN-თან საუბარში დაადასტურა უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადის დრონების ოპერატორმა და დასძინა, რომ ბახმუტში ფრონტის ხაზზე ვაგნერელები ცოცხალი ძალის დეფიციტის ძალების შესავსებად ბრუნდებიან.

"[ვაგნერი] დაბრუნდა, მათ სწრაფად გამოცვალეს მეთაურები და აქ დაბრუნდნენ". - თქვა CNN-ის წყარომ.

შაბათს, 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) აღნიშნა, რომ ვაგნერთან დაკავშირებული წყაროების თქმით, ვაგნერის 500-მდე მებრძოლი შეუერთდა ახალ, ჯერ კიდევ გაურკვეველ ორგანიზაციას ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე შემდგომი განთავსების მიზნით.

ISW-ს შეფასებით, ვაგნერის დაშლილი კონტინგენტები "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორგანიზდნენ შეკრულ საბრძოლო ძალად ან გავლენა იქონიონ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებზე".

ვაგნერის ბახმუტში დაბრუნების შესახებ აქამდე პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს. 23 სექტემბერს ვაგნერთან დაკავშირებულმა არხმა, Grey Zone-მა დაწერა, რომ დაქირავებულები "ახლა გადაინაცვლებენ ბახმუტის მიმართულებით". ტელეგრამ-არხი ასევე ირწმუნებოდა, რომ ეს მებრძოლები იყვნენ ისინი, ვინც უარი თქვეს ივნისში რუსეთში აჯანყებაში მონაწილეობაზე, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა.

"გარწმუნებთ, რომ ამ ორგანიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს ვაგნერის ჯგუფთან, რაც არ უნდა თქვან მისი სახელით". - წერდა ტელეგრამ-არხი.

გარდა ამისა, 26 სექტემბერს ტელეგრამ-არხმა Rybar-მა, რომელიც დაახლოებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, დაწერა: "[ვაგნერის ჯგუფის] ქვედანაყოფებმა დაიწყეს დაბრუნება ბახმუტთან, რათა ადრე დაკარგულ პოზიციებზე კონტრშეტევა განახორციელონ". არხმა ასევე განმარტა, რომ ეს იყო დაქირავებულთა ჯგუფი, "რომელიც ამბოხის შემდეგ დაშორდა მთავარ [ვაგნერის ჯგუფის] ძალებს".

ამასთან, მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, ილია ევლაშმა ვაგნერელების ბახმუტში დაბრუნების ცნობა RBC Ukraine-სთან დაადასტურა.

როგორც ევლაშმა აღნიშნა, ბელარუსში მყოფი ვაგნერის მებრძოლებიდან ნაწილი აფრიკისკენ გაემართა, ნაწილი კი - ბახმუტისკენ.

"ზოგს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე ხელახლა მოლაპარაკება ჰქონდა და აქ დაბრუნდა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად". - თქვა ევლაშმა.

მისვე განმარტებით, რუსეთის სარდლობა უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად ვაგნერის ჯგუფის 500-მდე მებრძოლის ჩამოყვანას გეგმავს.

კომენტარები