ვაგნერი

ვაგნერი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ბრიტანეთში ოფიციალურად აიკრძალა

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.

დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი აკრძალა. ვაგნერი დიდ ბრიტანეთში ტერორიტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და 78 აკრძალულ ორგანიზაციას დაემატა. 

15 სექტემბერს ძალაში შესული ბრძანება უკანონოდ ცნობს ვაგნერის წევრობას ან მის მხარდაჭერას. ხოლო მათ, ვინც სამხედროების დახმარებაში დამნაშავედ ცნეს, შესაძლოა, მკაცრი ჯარიმები დაეკისროთ, ან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

გასულ კვირას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანმა ვაგნერი მოიხსენია, როგორც "საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის" და თქვა, რომ ვაგნერის მუდმივი დესტაბილიზაცია მხოლოდ კრემლის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

გაერთიანებული სამეფოს ბრძანების თანახმად, ჯგუფის მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მოიცავს შეხვედრების მოწყობას მისი საქმიანობის გასაგრძელებლად, მისი მიზნების მხარდაჭერის გამოხატვას და ასევე ვაგნერის დროშის ან ლოგოს ჩვენებას.


6 სექტემბერს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა.

ვაგნერმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კერძო სამხედრო კომპანია ასევე მოქმედებდა სირიაში და აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის ლიბიასა და მალიში. მის მებრძოლებს ბრალი ედებათ უამრავლ დანაშაულში, მათ შორის უკრაინის მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში.

კომენტარები