საპენსიო სესხები

კაკაურიძე: საპენსიო სესხების განულება არაა სწორი, ხვალ რომ მეტმა აიღოს, იმასაც ვიხდით?

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, "ერთ თვეში იგივე მოცემულობის წინაშე დავდგეთ". კაკაურიძემ ასევე დასძინა, რომ საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 000-ის ნაცვლად, 800 000-მა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს?

თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია, ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. არ შეიძლება, 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება". - თქვა კაკაურიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

დღეს, 27 სექტემბერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საბიუჯეტო ცვლილებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ 400 მილიონი ლარი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება


საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტს ვაკორექტირებთ, ცვლილებები შეგვაქვს და წლევანდელი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზრდება".

26 სექტემბერს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ. ორი პარტიის გაერთიანების, გამარჯვების პლატფორმის ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი 350 000-მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა იყო.

კომენტარები