სოხუმის დაცემის დღე

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში

"რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30-წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას" - წერს ამერიკის საელჩო საქართველოში და აღნიშნავს, რომ უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად, ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა. 

"ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე" - წერს საელჩო.


აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მათ შორის 800 ქალი და 50 ბავშვი. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლიდან გამოქცეულიყო. იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.

აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.

კომენტარები