ბულგარეთი-რუსეთი

მოსკოვი "აღშფოთებულია" სოფიიდან რუსი არქიმანდრიტის გაძევებით

სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ვასიანი, რომელიც ბულგარეთმა ქვეყნიდან გააძევა 
Vladimir Bonyko / podvorie-sofia.bg

ბულგარეთის მიერ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკრიტიკა და დაგმო ბულგარეთის ქმედებები. 

არქიმანდრიტი ვასიანი ბულგარეთიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ორ მსახურთან ერთად კრემლის ინტერესების სასარგებლო ქმედებების ბრალდებით გააძევეს. 

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, სამი სასულიერო პირი ჩართული იყო რუსეთის "ჰიბრიდულ სტრატეგიაში, რომლის მიზანი ბულგარეთის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლო გავლენის მიზანმიმართული მოხდენა იყო".

როგორც მარია ზახაროვამ განცხადებაში აღნიშნა, სოფიის რუსული ეკლესია, რომელიც "მრავალი წლის განმავლობაში რუსებსა და ბულგარელებს შორის საერთო ლოცვის ადგილი იყო", შურისძიების მიზნით დაიხურება.

"ჩვენ აღშფოთებული და შოკირებული ვართ მომხდარი ფაქტით". - თქვა ზახაროვამ და დაადანაშაულა ბულგარეთის ხელმძღვანელობა "ორ სახელმწიფოს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური კონტაქტების, არამედ ჩვენს ხალხებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განადგურებაში".

აქამდე, როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩმა, ელეონორა მიტროფანოვამ აღნიშნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საემიგრაციო სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ "ისინი ბულგარეთისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდნენ და დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა". მიტროფანოვას თქმით, მღვდელმსახურები სახლში პირადი ნივთების შესაგროვებლად წაიყვანეს, შემდეგ - ეკლესიაში და ბოლოს, სერბეთის საზღვართან.

კომენტარები