ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი გააძევეს

Kirill Kudryavtsev/AFP via Getty Images

ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი, ვასიანი ქვეყნიდან გააძევა. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი წერს, ინფორმაცია ბულგარეთში რუსეთის საელჩოში მიაწოდეს. 

"[ბულგარეთის ხელისუფლებამ] მიიჩნია, რომ მამა ვასიანი ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს". - წერს TACC-ი რუს დიპლომატებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, არქიმანდრიტი ვასიანი ბულგარეთიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ორ მსახურთან ერთად გააძევეს. 

როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩმა, ელეონორა მიტროფანოვამ აღნიშნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საემიგრაციო სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ "ისინი ბულგარეთისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენდნენ და დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა". მიტროფანოვას თქმით, მღვდელმსახურები სახლში პირადი ნივთების შესაგროვებლად წაიყვანეს, შემდეგ - ეკლესიაში და ბოლოს, სერბეთის საზღვართან.

"ჩვენ აღშფოთებული ვართ ბულგარული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტითა და ფორმით. აშკარაა, რომ ბულგარეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაისახა ამოცანა, გაანადგუროს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები, არამედ დაარღვიოს ურთიერთობა დაძმობილებულ რუსულ და ბულგარულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, ხოლო რუსები და ბულგარელები ერთმანეთის წინააღმდეგ აღამხედროს". - ნათქვამია ბულგარეთში რუსეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსი დიპლომატებისთვის დამატებით აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბულგარეთმა "ეს ნაბიჯი გადადგა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის წმინდა დღეს".

კომენტარები