ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთში რუსული ჯარისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

TACC / Эхо Кавказа

ბულგარეთში დააკავეს 12 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის უკრაინაში მყოფი რუსული ჯარებისთვის მიწოდებაში. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური ბულგარეთის გენერალური პროკურორის მოადგილე მარია პავლოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პავლოვას თქმით, დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ბელარუსისა და ალბანეთის მოქალაქეები. ამავე ინფორმაციით, ხუთ მათგანს ბრალი დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისა და უკანონო ექსპორტის ბრალდებით უკვე წარუდგინეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, 12-კაციანი ჯგუფი მოქმედებდა ბულგარეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქ სოფიაში.

ბულგარეთის სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, დაკავებულების მიერ რუსებისთვის გადაცემული საქონელი განკუთვნილი იყო რუსული სპეცრაზმისთვის, რუსეთის გვარდიისთვის, ГРУ-სთვის, ჩეჩნური ბატალიონებისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერისთვის. ამასთან, ექსპორტირებული საქონელი მოიცავდა ოპტიკურ სამიზნეებს, ბინოკლებს, თვითმფრინავის რადიოებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ბულგარეთიდან ამ ტიპის საქონლის ექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შესაბამისი ნებართვა არ ჰქონიათ. 

კომენტარები