მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მზად ვართ, მთიანი ყარაბაღიდან 40 000-მდე ლტოლვილი ოჯახი შევიფაროთ – ფაშინიანი

ათასობით ეთნიკური სომეხი მთიან ყარაბაღს ტოვებს
REUTERS

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანა მზადაა არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან ათი ათასობით ეთნიკურად სომეხი შეიფაროს

ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა ლტოლვილთა შემოდინებისათვის მზადებას დაპირისპირების განახლებისთანავე შეუდგა. ამასთან, ფაშინიანმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ რეგიონში მცხოვრებ დაახლოებით 120 000 ეთნიკურად სომეხს უნდა ჰქონდეს საშუალება "დარჩეს საკუთარ სახლში ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში".

მანვე აღნიშნა, რომ ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ერევანი ლტოლვილების მისაღებად მზად არის და ამ ეტაპზე 40 000-მდე ოჯახის შეფარება შეუძლიათ.

ფაშინიანმა დასძინა, რომ 20 სექტემბერს სტეფანაკერტის აეროპორტში რეგიონის დასატოვებლად 10 000-მდე ადამიანი მივიდა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეგიონში აზერბაიჯანის მიერ სომხების ეთნიკური წმენდის საშიშროება არსებობს. აზერბაიჯანის განცხადებით კი, მას რეგიონის "მშვიდობიანი რეინტეგრაცია" სურს. 

არაღიარებული ყარაბაღის ომბუდსმენმა, გეღამ სტეფანიანმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ სტეფანაკერტის ქუჩები სავსე იყო "მშიერი, შეშინებული და გაურკვევლობაში მყოფი ლტოლვილებით".

პარალელურად 21 სექტემბერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და ცეცხლი გახსნეს.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, სტეფანაკერტის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. სროლის ხმა დედაქალაქის ცენტრშიც ისმის". - ნათქვამია განცხადებაში

განცხადების თანახმად, "გადაუდებელი ზომების მისაღებად" სტეფანაკერტმა რუს სამშვიდობოებსაც მიმართა. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე ქალაქის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სტეფანაკერტზე შეტევის განახლება უარყო. მიუხედავად ამისა, ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტის ორი უბანი აიღეს.

ამასთან, 21 სექტემბერსვე ევლახში აზერბაიჯანისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის რეგიონის მომავლის განსახილველი შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის განცხადებით, ყარაბაღს ნავთობი, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა. ახლო მომავალში დამატებითი შეხვედრაც არის მოსალოდნელი. 

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

21 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა მთავრობამ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი, თუმცა ამას ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის მთავრობა არ აღიარებს.

კომენტარები