რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2024 წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატებს მხოლოდ ადგილობრივი წარმოების მანქანები მოემსახურებათ

რუსეთის სახელწმიფო დუმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან დეპუტატები სამსახურეობრივ საქმეებზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ავტომობილებით იმოძრავებენ.

დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით მოსკოვში სახელმწიფო მოხელეებმა უკვე დაიწყეს იმპორტული მანქანების რუსულით ჩანაცვლება. ვოლოდინის აზრით ეს გადაწყვეტილება "ხელს შეუწყობს რუსეთის ავტოწარმოების გაძლიერებას და შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯს ტრანსპორტზე". 

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს უცხოური ავტომობილების სახელმწიფო ფულით შეძენა, ხოლო სახელმწიფო მოხელეებმა ადგილობრივი წარმოების მანქანები უნდა გამოიყენონ. 

რუსეთის ბაზარზე ამ დროისთვის ყველაზე მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებია Москвич, Лада, Аурус. 

პუტინის ინიციატივა ფაქტობრივად იმეორებს 1997 წელს, იმ დროს ვიცეპრემიერის პოსტზე მყოფი ბორის ნემცოვის იდეას. იმავე წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა ბორის ელცინის განკარგულება სახელმწიფო მოხელეებისთვის უცხოური ავტომობილების შეძენის შეჩერების შესახებ. ექსპერიმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, ძირითადად იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოების ავტომობილები ხშირად ფუჭდებოდა და გადაადგილებისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყო. ორი წლის შემდეგ ელცინმა საკუთარი განკარგულება გააუქმა. ამ ორი წლის განმავლობაში თავად პრეზიდენტი უცხოური ავტომობილით გადაადგილდებოდა.

კომენტარები