ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა ტაივანისკენ 103 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/file photo

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბრის დილის 6 საათიდან 18 სექტემბრის დილის 6 საათამდე ჩინეთმა კუნძულისკენ 103 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. სამინისტრომ პეკინს "დესტრუქციული, ცალმხრივი" ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"კომუნისტური სამხედრო ძალების მიერ მუდმივმა სამხედრო შევიწროებამ შესაძლოა დაძაბულობის მკვეთრი მატება მარტივად გამოიწვიოს და რეგიონული უსაფრთხოება გააუარესოს". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

103-დან 40-მა ჩინურმა თვითმფრინავმა ტაივანსა და ჩინეთს შორის არსებული არაოფიციალური გამყოფი საზღვარი, ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა და კუნძულის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში (ADIZ) შევიდა.

მსგავსი ინციდენტი 13 სექტემბერსაც დაფიქსირდა. მაშინ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შევიდა.

ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის ჩინური გამანადგურებელი ADIZ-ში 2021 წლის ოქტომბერში შევიდა, როდესაც ზონა 56-მა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები