რომის სტატუტი

პუტინი სომხეთშიც ძებნილი ომის დამნაშავეა – სომხეთი რომის სტატუტს უერთდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
Sputnik.arm

სომხეთი სისხლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის სრულ რატიფიცირებას აპირებს. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს.

"მთავრობამ პარლამენტს რომის სტატუსი დასამტკიცებლად გადასცა და ჩემი, ასევე ჩვენი ფრაქციის პოზიციის თანახმად სრულად რატიფიცირებული იქნება. ამ გადაწყვეტილებას სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია". – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობამ რომის სტატუტი პარლამენტში 1 სექტემბერს შეიტანა. მოგვიანებით პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა დაადასტურა, რომ 1998 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნება.

"ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომის დანაშაულებებს სჩადიან. ჩვენს ქვეყანას გვჭირდება ეს სტატუტი". – ამბობს სიმონიანი.

რომის სტატუტი არის სისხლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ შემუშავებული ხელშეკრულება, რომელსაც 137-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა, აქედან 120-მა რატიფიკაცია მოახდინა. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

2023 წლის მარტში სისხლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცდა. რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი ვაგარშაკ აუთუნიანი გამოიძახა. მას "მკაცრად განუმარტეს" რამდენიმე "არამეგობრული ნაბიჯი, რომელიც სომხეთმა გადადგა": რომის სტატუტის რატიფიკაცია, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მიზნით პრემიერმინისტრის ცოლის, ანა აკოპიანის ვიზიტი კიევში, NATO-ს სამხედრო წვრთნები სომხეთში.

კომენტარები