ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ბოლო დღეებს უკანასკნელ დღეებს განიხილავს.
როგორც WSJ წერს, 18 აგვისტოს პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დაჯდა. ის დედაქალაქ ბანგიში ქვეყნის პრეზიდენტს, ფოსტენ არშანჟ ტუადერას შეხვდა და უთხრა, რომ ივნისის აჯანყების გამო ის და მისი პარტნიორები ცენტრალურ აფრიკაში ახალი მებრძოლების ჩამოყვანასა და ინვესტიციებს არ შეწყვეტდნენ. ამის შესახებ WSJ-სთან ისაუბრა სამმა პირმა, რომელსაც შეხვედრაზე ინფორმაცია ჰქონდა.
წყაროების მიხედვით, ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ, ცენტრალურ აფრიკაში დაჯდა ვაგნერის ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა სუდანის სამოქალაქო ომში მონაწილე სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხუთი მეთაური. RSF ნაწილობრივ ვაგნერზე იყო დამოკიდებული. როგორც WSJ წერს, დელეგაცია ბანგიში სუდანის დარფურის პროვინციიდან ჩაფრინდა და საჩუქარი ჩაუტანა პრიგოჟინს, რომელმაც ისინი მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებით მოამარაგა. საჩუქარი იყო ოქროს ზოდები იმ საბადოებიდან, რომლებსაც ვაგნერი მოქირავნეები იცავენ.
პარალელურად, საჰარის მეორე მხარეს, პრიგოჟინის მეტოქეები რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან შეხვდნენ ვაგნერის კლიენტებს ლიბიაში. დელეგაციას უძღვებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი, სწორედ ის ადამიანი, რომელიც პრიგოჟინმა აჯანყების დღეს, 24 ივნისს კამერის წინ დაამცირა შენობით მიმართვის გამო მაშინ, როცა მის ძალებს როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის შენობა ჰქონდათ დაკავებული.
დაახლოებით ამ მოვლენების პარალელურად, პრიგოჟინი რუსეთისკენ გაფრინდა, თუმცა ჯერ მალიში შეჩერდა.
როგორც WSJ წერს, კრემლი პრიგოჟინის ქსელების ნაციონალიზაციაზე ფიქრობს. მისი ბიზნესს სხვადასხვა სახის სარგებელი ჰქონდა, მათ შორის შემოსავალს ნახულობდა სუდანური ოქროს რუსეთში შეტანით, ბრილიანტებისა და ხე-ტყის ცენტრალური აფრიკიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროსა და ჩინეთში ექსპორტით. პრიგოჟინის ძალებზე დამოკიდებული იყვნენ ქვეყნები მალიდან სირიამდე და დახმარებას ნიგერის ხუნტასაც სთავაზობდა. WSJ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს დაქვემდებარებული მოქირავნეთა კომპანიები ვაგნერის კონტრაქტების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
ამას გარდა, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტუადერა პირადად გააფრთხილა, პრიგოჟინისგან დისტანცირების დრო იყო. ხოლო როცა ტუადერა გასულ თვეში სანქტ-პეტერბურგში კონფერენციაზე იყო ჩასული, მან პრიგოჟინთან ერთად ფოტოს გადაღებისგან თავი შეიკავა.
WSJ-სთან წყაროებმა გაიხსენეს გასული ოქტომბრის შემთხვევაც, როცა გადაცმული პრიგოჟინი ლიბიაში ჩავიდა და ქვეყნის ლიდერს, ხალიფა ჰაფტარს შეხვდა. მას ეცვა სამხედრო ფორმა, ყალბი წვერი და შავი სათვალე ეკეთა. ადგილობრივებს ის სალაფიზმის მიმდევარი ეგონათ. ცოტა ხნის შემდეგ ის ხალიფა ჰაფტარს თარჯიმნის შუამავლობით უყვიროდა, რომ ვაგნერის დახმარებისთვის 200 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადათ. მომდევნო თვეში პრიგოჟინმა აქ თვითმფრინავი გამოგზავნა, რათა ფული აეღოთ. პრიგოჟინს სჯეროდა, რომ ჰაფტარის რეჟიმში შეღწეული იყვნენ საფრანგეთისა და აშშ-ს დაზვერვის აგენტები. ამიტომ ლიბიური უნიფორმა მან სირიაში შეაკერინა, რათა მასზე სათვალთვალო მოწყობილობები არ დაემონტაჟებინათ.
WSJ ხაზს უსვამს, რომ აჯანყებისა და რუსეთში ქონების დაკარგვის შემდეგ პრიგოჟინი იმედოვნებდა, რომ ბიზნესს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში შეინარჩუნებდა.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აგვისტოში ვაგნერელების ახალი ნაკადი ჩავიდა მანამ სანამ გაიმართებოდა რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტს ვადის შეზღუდვას მოუხსნიდა. როგორც დასავლელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, მოქირავნეების ნაწილი კონგოს საზღვართანაც განათავსეს, რათა აჯანყებულებს მეზობელი ქვეყნიდან იერიშები არ მიეტანათ.
ივლისის ბოლოს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერების მონაწილეობით სამიტი იმართებოდა, პრიგოჟინი იმყოფებოდა სასტუმრო Trezzini Palace-ში, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი ლოკაცია იყო. ის აფრიკელ ლიდერებთან კომუნიკაციას ცდილობდა. აქ იყო ტუადერაც, რომელიც პუტინს გაფრთხილებული ჰყავდა. WSJ-ს ცნობით, ტუადერამ პრიგოჟინს გვერდით ჩაუარა და აერიდა. არც ერთი ლიდერი პრიგოჟინთან ერთად არ უნახავთ.
კონფერენციიდან მალევე ნიგერში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პრიგოჟინი, რომელსაც აფრიკაში გავლენის დაკარგვის ეშინოდა, აჯანყებულებს დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა, როგორც დასავლეთ აფრიკელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები WSJ-სთან ამბობენ, როგორც ჩანს, ხუნტამ დახმარებაზე უარი თქვა.
პრიგოჟინის ბოლო ტური ბანგიში დაიწყო. როგორც WSJ წერს, ის აქ ტუადერასა და მისი დაზვერვის მეთაურს შეხვდა, საპრეზიდენტო სასახლეში. პირმა, რომელსაც შეხვედრასთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარეს, WSJ-სთან თქვა, რომ პრიგოჟინი საუბრობდა ძალების გაზრდასა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე სოფლის მეურნეობაში ინვესტირებაზე.
ამავე დღეს შეხვდა ზემოხსენებული RSF-ის მეთაურებსაც. როდესაც მათ ოლიგარქს ოქროთი დატვირთული ყუთები გადასცეს, პრიგოჟინმა თქვა, რომ მას მეტი სჭირდებოდა.
"მეტი ოქრო მჭირდება". – თქვა შეხვედრის დროს პრიგოჟინმა სუდანელი მაღალჩინოსნის ცნობით.
ვაგნერის მიერ მიწოდებული მარაგებით გასამხედროებულმა ორგანიზაციამ სუდანის არმიის წინააღმდეგ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, დაიკავეს იარაღების საწარმო და ხართუმში მდებარე პოლიციის ყველაზე დიდი ბაზა. "უნდა დავრწმუმნდე, რომ მათ დაამარცხებთ", - თქვა წყაროს მიხედვით პრიგოჟინმა.
ბანგიდან პრიგოჟინი მალიში, ბამაკოში ჩაფრინდა.
22 აგვისტოს რუსეთის დელეგაცია ლიბიაში ჩავიდა, ჰაფტარის მოწვევის შემდეგ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ბენღაზიში განთავსდებოდნენ და გაუძღვებოდნენ რუსულ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც მოქირავნეთა ახალ ჯგუფს გაუძღვებოდა. თუმცა მებრძოლები იგივე იქნებოდნენ. ამას გარდა, ჰაფტარმა მოითხოვა სათადარიგო ნაწილები საკუთარი სამხედრო თვითმფრინავებისთვის და ირანული დრონებიც, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში იყენებს.