ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

დაიწყოს გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე – გახარიას პარტია

პარტია საქართველოსთვის პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო თვითმფრინავით მიუნხენში გამგზავრებას "ოცნების ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს" უწოდებს. ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

გიორგი გახარიას პარტია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერმინისტრის მიერ ჩადენილ "შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე" და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. საქართველოსთვის შეფასებით, გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება.

"მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.

მოქმედი სისტემის პირობებში კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერმინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია. გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების.

ასევე, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს ინიციატივას, რომლითაც გაფართოვდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ნათესავების წრე, რომელთაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ.

არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კორუფციაში ჩართულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გადამალონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება საკუთარ ნათესავებზე ქონების ფიქტიურად გადაფორმების გზით.

პარტია საქართველოსთვის დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.

პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არ არსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით, როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს" - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები