დიდი ოცეული

ინდოეთმა აფრიკის კავშირს G20-ის მუდმივი წევრობა შესთავაზა – ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერი, ნანენდრა მოდი და აფრიკის კავშირის თავმჯდომარე, აზალი ასუმანი დიდი ოცეულის სამიტზე, დელიში. 2023 წლის 9 სექტემბერი 
BBC

აფრიკის კავშირი გახდა მეორე რეგიონული ჯგუფი, რომელიც დიდ ოცეულში (G20) მუდმივ წევრად მიიწვიეს. ამის შესახებ დიდი ოცეულის სამიტზე, ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დელიში G20-ის ლიდერების ორდღიანი სამიტის დაწყებისას განაცხადა

აფრიკის ქვეყნების 55-წევრიანი ბლოკის დიდი ოცეულის მუდმივი წევრობა G20-ის G21-ად გადაქცევას გამოიწვევს. იგი სამიტზე ევროკავშირის მსგავსი სტატუსით იქნება წარმოდგენილი. 

"ინდოეთის მიერ G20-ის თავმჯდომარეობა გახდა ჩართულობის სიმბოლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველაფერთან ერთად ინდოეთმა შესთავაზა აფრიკის კავშირის G20-ის მუდმივი წევრობა". - თქვა მოდიმ.

განცხადების შემდეგ, მოდი მიესალმა აფრიკის კავშირის თავმჯდომარესა და კომორის კუნძულების პრეზიდენტს, აზალი ასუმანს. მოდიმ ასუმანს შესთავაზა ადგილი საკონფერენციო მაგიდასთან, რომელიც G20-ის მუდმივი წევრებისთვისაა განკუთვნილი. 

სამიტის ფარგლებში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, კლიმატის ცვლილებას, სასურსათო უსაფრთხოებას და ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის რესტრუქტურიზაციას

მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სამიტის ფარგლებში დელიში იმყოფებიან, არიან ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა, სი ძინფინგი არ ესწრებიან სამიტს. მათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანი წარმოადგენენ.

კომენტარები