დიდი ოცეული

ჩინეთმა უარი თქვა ერთობლივი განცხადებით უკრაინაში რუსეთის აგრესია დაეგმო

დიდი ოცეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთმა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. 

ომის შემაჯამებელი ორი პუნქტი "შეთანხმებული იყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა". დოკუმენტში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესია იყო გაკრიტიკებული. 

მოსკოვის თქმით, "ანტირუსულმა" დასავლურმა ქვეყნებმა G20-ის "დესტაბილიზაცია" მოახდინეს.

ჩინეთმა  ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გარშემო დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა. 


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის თქმით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებას და მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის გადაზიდვის შესახებ ვერ ვხედავთ". - თქვა ბერნსმა СBS News-სთან ინტერვიუში.


გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მივესალმებით ჩინეთის სამშვიდობო მოწოდებას. ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც ჩვენ მსგავს სიტუაციებში ვცდილობთ. თუმცა ჩვენი მხრიდან ასევე მკაფიო უნდა იყოს, რომ თუკი ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა, აზრად გაივლებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში მხარი დაუჭიროს, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება. ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ინტერვიუში. 

ლინდა თომას-გრინფილდის ინტერვიუ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ "შემაშფოთებელი" ტენდენცია შენიშნა ჩინეთის მიერ რუსეთის არმიის მხარდაჭერის მიმართულებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეკინი "აპირებს ზღვარი გადაკვეთოს" და რუსეთს ფარულად სამხედრო დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, აშშ-მ დაზვერვის მიერ შეგროვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოკავშირეებსაც გაუზიარა.

კომენტარები