დიდი ოცეული

ინდოეთი G20-ის ტურისტულ შეხვედრას ქაშმირში მკაცრი უსაფრთხოების ფონზე მასპინძლობს

Tauseef Mustafa/AFP/Getty Images

ინდოეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებისა და ჩინეთის წინააღმდეგობის ფონზე დიდი ოცეულის (G20) ტურიზმის სამიტს ქაშმირში მასპინძლობს.

ინდოეთმა, რომელიც წელს G20-ის თავმჯდომარეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთ შეხვედრას უმასპინძლა. 

ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სრინაგარში 22 მაისიდან 24 მაისამდე გაიმართება და იქნება პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება რეგიონში მას შემდეგ, რაც ჯამუმ და ქაშმირმა სპეციალური სტატუსი 2019 წელს დაკარგეს.

ღონისძიებას G20-ის წევრი ქვეყნების 60-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

ჩინეთმა სამიტის ქაშმირში ჩატარების გადაწყვეტილება უკვე არაერთხელ გააკრიტიკა. 

"ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება G20-ის ნებისმიერი ფორმის შეხვედრების ჩატარებას სადავო ტერიტორიაზე. ჩვენ არ დავესწრებით ასეთ შეხვედრებს". - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა 19 მაისს პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

ქაშმირის რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. აპრილში პაკისტანმა, რომელიც არ არის G20-ის წევრი, გააკრიტიკა ინდოეთის გადაწყვეტილება ქაშმირში შეხვედრების გამართვის შესახებ და მას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა.

თუმცა, ინდოეთმა თქვა, რომ ბუნებრივია G20-ის ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარება "ჯამუში, ქაშმირსა და ლადახში, რომლებიც ქვეყნის განუყოფელი ნაწილია".

1980-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთი ქაშმირის რეგიონში ისლამისტ სეპარატისტებს ებრძვის. ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს არეულობის გაღვივებაში სეპარატისტი მებრძოლების მხარდაჭერით, რასაც ისლამაბადი უარყოფს.

კომენტარები