რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ჩინელი ბლოგერები ჩავიდნენ

ჩინელი ოპერის მომღერალი მარიუპოლის დრამატულ თეატრში მღერის საბჭოთა სიმღერა კატიუშას
სქრინი ოლეგ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელი ბლოგერების ჯგუფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა.

"არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ქალაქში ჩინელი ბლოგერების ჯგუფი ჩავიდა. მათი ჩამოსვლა უკანონოა. ის უხეშად არღვევს უკრაინის კანონმდებლობას, რომელიც უცხოელთა მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას არეგულირებს". - დაწერა ნიკოლენკომ Facebook-ზე.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და პეკინისგან აღნიშნულ ფაქტზე განმარტებებს ელის.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ამ ჩინელი "ტურისტის" უკრაინაში შესვლის აკრძალვას იწყებს". - დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნიკოლენკოს ინფორმაციით, მარიუპოლში მყოფმა ერთ-ერთმა ჩინელმა, ოპერის მომღერალმა ვანგ ფანმა მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებში, სადაც რუსებმა 600-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, საბჭოთა სიმღერა, კატიუშა იმღერა.

7 სექტემბერს ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო მმართველმა, სერგეი აკსიონოვმა ნახევარკუნძულზე "დელეგაციის ჩინეთიდან" ჩასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი მტკიცებით, ისინი "ჩინეთის მედიისა და კულტურის წარმომადგენლები" იყვნენ, რომლებთანაც "ტურიზმის საკითხები" განიხილეს.

კომენტარები